მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, არმან ცარუკიანი, აბდულრაშიდ სადულაევი, კაილ სნაიდერი
Aa
Aa

დაუვიწყარი ემოციები და მერაბის საოცარი გამარჯვება - რა ვნახეთ RAF Georgia-ზე

საქართველოში, ამერიკული საჭიდაო ორგანიზაცია RAF-ის ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც გულშემატკივრებმა დაუვიწყარი ემოციები მიიღეს. ღონისძიებაზე 5 ქართველი მოჭიდავე წარდგა - გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე და მერაბ დვალიშვილი. ასევე, თბილისში ჩატარებულ ტურნირზე იასპარეზა არმან ცარუკიანმაც, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება კი კაილ სნაიდერსა და აბდულრაშიდ სადულაევის ჭიდაობა იყო.

RAF Georgia არმან ცარუკიანის შეხვედრით გაიხსნა. სომეხმა მებრძოლმა ყაზახი კუატ ხამიტოვი 11:0 დაამარცხა. საგულისხმოა, რომ ცარუკიანს მთელი შეხვედრის განმავლობაში გამაყრუებელი სტვენისა და ილია თოფურიას მხარდამჭერი შეძახილების ფონზე მოუწია ასპარეზობა.

ქართველებიდან, საჭიდაო ხალიჩაზე პირველი გენო პეტრიაშვილი გამოჩნდა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი ამერიკელ ჯეიკ ვარნერს დაუპირისპირდა და 10:0 დაამარცხა.

გენოს შემდეგ ხალიჩაზე გივი მაჭარაშვილი ვიხილეთ, რომელიც ამერიკელ ზაკ ილამს შეხვდა და სამი რაუნდის შემდეგ 7:3 გაიმარჯვა.

მაჭარაშვილის გამარჯვებას მოჰყვა ლადო ხინჩეგაშვილის ბრწყინვალე ასპარეზობაც. 2016 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკელ კონორ ბიბის შანსი არ დაუტოვა და სუფთა მოგება ჩაიწერა - 11:0.

სამწუხაროდ, ერთადერთი ქართველი, რომელმაც მოგება ვერ შეძლო, ვლადიმერ გამყრელიძე იყო. ქამრისთვის ბრძოლაში 25 წლის ფალავანი ამერიკელ კაილ დეიკს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:0 დამარცხდა.

მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირებამდე ხალიჩაზე ჯერ კაილ სნაიდერი და აბდულრაშიდ სადულაევი დაუპირისპირდნენ. მოჭიდავეებს შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში რუსის სასარგებლოდ, 3:1 იყო, ამჯერად კი გამარჯვება ამერიკელმა მოიპოვა და ჩემპიონის ქამარიც დაისაკუთრა.

ამის შემდეგ კი მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება ვიხილეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „მანქანას“ პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონთან რთული ბრძოლა გამოუვიდა, თუმცა პრაქტიკულად წაგებული შეხვედრის მოგება შეძლო. პირველი პერიოდის მიმდინარეობისას მერაბი 0:8 მარცხდებოდა, თუმცა დარჩენილ დროში სეხუდოს 11 ქულა აუღო და საბოლოოდ, 11:8 გაიმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია!
კონსტანტინე პეტრიაშვილი 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონია!