„ჩაკვე არ ითამაშებს, ხვიჩა ძირითადში იქნება“ | სანიოლის პრესკონფერენცია
5 ივნისს, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბაჰრეინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. თამაშამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„შემადგენლობაში 5-6 ცვლილება გვექნება. ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებ. ბაჰრეინს ბოლო 5-6 წელში ხარისხიანი შედეგები აქვს აზიის ტურნირებზე და არ ვფიქრობ, რომ მარტივი თამაში გველოდება. ვფიქრობ, კარგი იქნება ახალ გუნდებთან შეჯიბრი და დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთელები ამ შეხვედრასაც ისეთივე პასუხისმგებლობით მიუდგებიან, როგორც სხვა ყველა დანარჩენს.
ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ფეხი შეშუპებული აქვს და ხვალ ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, მალე განაახლებს ვარჯიშს. რაც შეეხება ხვიჩას, ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება. დასაფასებელია მისი გადაწყვეტილება, რადგან ნაკრებში ჩამოსვლა ფინალის შემდეგ მაშინვე ისურვა. მოხარული ვარ, რომ გუნდს ასეთი ლიდერი ჰყავს.
რუმინეთთან ბევრი მომენტი შევქმენით და შეტევის ბოლო ფაზაში გაგვიჭირდა დაგვირგვინება. იმის იმედი მაქვს, რომ ხვალაც იგივე მონდომებით ვითამაშებთ და იგივე მომენტები გვექნება. რუმინეთთან თამაშის მერეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ რუმინეთთან ბოლო პერიოდში საუკეთესო თამაში ჩავატარეთ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ.
პროდუქტიული შეკრება გვქონდა და მოთამაშეების მიდგომით კმაყოფილი ვარ. ამის დამსახურებაა რუმინეთთან ასეთი თამაში. იმედი მაქვს, რომ კარგი დასასრული ბაჰრეინთან ბევრი გატანილი გოლი იქნება. მამარდაშვილს რთული სეზონი ჰქონდა. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია და სტაბილურობა მნიშნელოვანია. მაგრამ გვინდა, რომ 2-3 კარგი მეკარე გვყავდეს. ხვალ გუგეშაშვილსაც მიეცემა შანსი.
რაც შეეხება ანდრია ბართიშვილის, თამაშს ვუყურე და ყველასთვის ცხადია, რომ ნიჭიერი ფეხბურთელია. იმისთვის, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოს, საჭიროა არა მხოლოდ ტექნიკური თამაში, არამედ აზროვნება. ამის მაგალითია ხვიჩა კვარაცხელია. იმედი მაქვს, რომ ანდრია, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელები შრომას და განვითარებას გააგრძელებენ და ამაში ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ვიცოდით, რომ არა ერთი მცველი უახლოვდებოდა კარიერის დასასრულს და რა თქმა უნდა, ვცდილობთ დაცვის ხაზის გაძლიერებას. უამრავ მოთამაშეს ვითვალისწინებთ და ბევრს მივეცით შანსი. მნიშვნელოვანია, როგორ იმოქმედებს მოედანზე დაცვის ხაზი და არა კონკრეტული ფეხბურთელი.
მიქაუტაძე უმაღლესი დონის ფორვარდია და სწორედ ამიტომ ჰქონდა ბრწყინვალე სეზონი. ვილიარეალსაც წარმატებული სეზონი ჰქონდა, რადგან მესამე ადგილზე გავიდა ჩემპიონატში. ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა, მაგრამ შემდეგ ყველამ ვნახეთ როგორც გაიხსნა.
მამარდაშვილის ტრანსფერი ყველას გაგვიხარდა, რადგან ლივერპული ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ისიც ვიცოდით, რომ კონკურენცია რთული იქნებოდა. მაგრამ მე, როგორც ნაკრების მწვრთნელი ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს, რათა რეგულარული სათამაშო დრო ჰქონდეს.“
შეგახსენებთ, რომ ივნისში საქართველოს ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ორში, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და ფრედ, 1:1 ითამაშა. ბაჰრეინის წინააღმდეგ დაპირისპირება კი 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.