ერთი ჩემპიონი და შვიდი მედალი - მოჭიდავეების წარმატება სომხეთში
სომხეთში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი საქართვეოს 17-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი გუნდის წევრებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და ადგილობრივ გულშემატკივრებზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.
საუკეთესო შედეგი მათე ონიანმა აჩვენა, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და ფინალში თანამემამულე ზურაბ გიგუაშვილი დაამარცხა. გიგუაშვილის გარდა ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ნიკა მაყიშვილი (48 კგ) და გიორგი აბრამიშვილი (+92 კგ), ხოლო გიორგი ნარიმანიძე (51 კგ), დაჩი ბარბაქაძე (55 კგ) და დავით ტიკარაძე (65 კგ) ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს ის თაობაა, საიდანაც ჩვენი ქვეყნის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უახლოეს მომავალში სერიოზულ შევსებას მიიღებს და ეს მოჭიდავეები უმაღლესი მიზნებისთვის უკვე უფროსი ასაკის მეტოქეებთან ბრძოლაში დაიხარჯებიან.