გოგლიჩიძის მნიშვნელოვანი პასი | ქართველი უდინეზეს გამარჯვებაში დაეხმარა
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში „უდინეზემ’’ შინ „ლეჩეს’’ 3:2 მოუგო. „უდინეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძე სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. 21 წლის ქართველი მცველი ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებაზე ორიენტირდა, თუმცა მატჩის მიწურულს „უდინეზემ’’ სწრაფი კონტრშეტევა მისი საკვანძო გადაცემით დაიწყო, ვითარებაში სწრაფად გაერკვა, ბაიოს მისამართით გადაცემა შეასრულა, რომელმაც შეტევა განავითარა და ბუკსამ გოლით დაასრულა - 3:1. დარჩენილ დროში „ლეჩემ’’ 1 გოლი შეაგდო, რაც ქულის მოპოვებისთვის საკმარისი არ იყო. მესამე გოლის ეპიზოდში საბას როლი აღსანიშნავია და საბოლოოდ ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
საბამ 27-დან 21 პასი ზუსტად შეასრულა. მეტოქის ნახევარზე 9-დან 4 პასი ზუსტი იყო, საკუთარ ნახევარზე 18-დან - 17. ასევე, 7 გრძელი გადაცემიდან 4 ზუსტი აღმოჩნდა. მინდორზე 5-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო. 4 შესრულებული ვარდნიდან 3-ში წარმატებული იყო (Sofascore).
სეზონის დასაწყისში რუნიაიჩი გოგლიჩიძეს არ ენდობოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ვითარება შეიცვალა, საბა რეგულარულად სასტარტოშია. სერია A-ს ბოლო სამ ტურში საბამ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა (კალიარისთან, კრემონეზესთან და ლეჩესთან).
„უდინეზემ'' სერია A-ს 8 მატჩში (3 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი) 12 ქულა დააგროვა და ამ მომენტისთვის მერვე ადგილზეა. შემდეგ ტურში „უდინეზე'' „იუვენტუსს'' ესტუმრება (29 ოქტომბერი).