ძიუდოისტი ქეთი რობაქიძე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონია
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ძიუდოს ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში ქეთი რობაქიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ქეთიმ ხუთი ჩატარებული შეხვედრიდან, ხუთივე იპონით მოიგო და საქართველოში ოქროს მედლით დაბრუნდება.
ფინალამდე გზაზე რობაქიძემ ხორვატი, აზერბაიჯანელი, რუმინელი და იტალიელი მეტოქეები დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი პოლონელ როქსანა ზუსს სძლია.
ქეთი რობაქიძე:
„რთულია სიტყვებით იმის გადმოცემა, რასაც ახლა ვგრძნობ. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც უკვე ახდა. არ მჯერა. ახლა მინდა, ვნახო ჩემი მწვრთნელები, მშობლები, ქართველი ხალხი. ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ, ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე. ისინი მაძლევენ მოტივაციას - ამიტომ ვარ დღეს ჩემპიონი და ეს დასასრული არაა.
წინ მსოფლიო ჩემპიონატია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ ოქროს მედალი მოვიპოვო. ყოველთვის ყველაზე დიდ მიზნებს ვისახავ - მინდა გავხდე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი. მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის, ძალიან ბედნიერი ვარ“.
აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა 7 მედალი მოიპოვეს. გიორგი მუმლაძემ (-81 კგ) და ქეთი რობაქიძემ - ოქრო, ცოტნე იჩქიტიძემ (-60 კგ) - ვერცხლი, ვასილ გამეზარდაშვილმა (-73 კგ), გიორგი ქარჩაიძემ (+90 კგ), იოანე აბალაკმა (+90 კგ) და ნანა გულბიანმა (-63 კგ) კი ბრინჯაო.