„ლომი ვარ, რომელიც უკან არ იხევს“ - ოლივეირა ილიას აფრთხილებს
UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ, რომელიც რამდენიმე დღეში მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის ილია თოფურიას დაუპირისპირდება, ESPN-თან ინტერვიუში „ელ მატადორზე“ ისაუბრა.
რა თქვა ოლივეირამ:
„ვინ უფრო რთული მეტოქეა - ისლამ მახაჩევი თუ ილია თოფურია? ეს ორი განსხვავებული გამოწვევაა. ილია კარგი მოკრივეა, რომელიც შეეცდება, დგომში მეჩხუბოს. ისლამი მოჭიდავეა, მისი ძლიერი მხარე თეიქდაუნებია, ამიტომ მათ წინააღმდეგ განსხვავებულად უნდა მოემზადო. თუმცა ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ტიპის მებრძოლი იქნება ჩემი მეტოქე. საკუთარ თავზე ვარ კონცენტრირებული და ჩემი საქმე უნდა გავაკეთო.
ილია ძალიან თავდაჯერებულია? მეც ასეთი თავდაჯერებული ვიყავი, როდესაც დაუმარცხებელი ვიყავი. შემდეგ კი ეჯახები მებრძოლს, რომელიც უკან დახევას არ აპირებს. თოფურიასაც სწორედ ეს ელოდება. ამ დივიზიონში პრობლემებს მე ვქმნი. მე ვარ ლომი, რომელიც უკან არ იხევს. ამას რამდენიმე დღეში ყველა დაინახავს, მე უკან დახევას არ ვაპირებ. ილიას განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ. როდესაც საქმეში ჯიუ-ჯიცუ ჩაერთვება, ყველაფერი სხვაგვარად იქნება“.
ცნობისთვის, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის გასამართი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.