„არმანს წონის დაფიქსირება მოუწევს“ - უაითმა თოფურია-ოლივეირას დამზღვევი დაადასტურა
რამდენიმე დღის წინ, UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ჩხუბს დააზღვევდა, ცოტა ხნის წინ კი ეს ინფორმაცია UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა დაადასტურა.
რას ამბობს უაითი:
„არმანი სათადარიგო მებრძოლი იქნება. ის თოფურია-ოლივეირას ბრძოლას დააზღვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლას-ვეგასში იქნება და წონის დაფიქსირება მოუწევს“.
ცნობისთვის, სომეხ მებრძოლს რამდენიმე თვის წინ, ისლამ მახაჩევთან მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამრისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა ჩხუბს ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჩაეხსნა. ამის გამო, დენა უაითმა განაცხადა, რომ ცარუკიანს ახალი შანსის მიღება თავიდან უნდა დაემსახურებინა, თუმცა, UFC-ის პრეზიდენტმა სომეხი მებრძოლი თოფურია-ოლივეირას დამზღვევად დააყენა. ამერიკულ მედიაში იწერება, რომ დიდი ალბათობით, ამ წყვილში გამარჯვებულს სწორედ არმან ცარუკიანი დაუპირისპირდება.
ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას საჩემპიონო ბრძოლა კვირას, 29 ივნისს თბილისის დროით 08:00 საათიდან გაიმართება.