ილიას ჯოჯოხეთი ლას ვეგასში: 45 წუთი 40-გრადუსიან ღუმელში
MARCA ილია თოფურიას შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართველი მებრძოლის მზადების პროცესს ეხება. ფილმ Topuria: Matador-ში ილიას სავარჯიშო პროცესის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ, ახლა კი ილია თავად გვიზიარებს, თუ როგორ ემზადება ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლისთვის.
ილიას გუნდი ლას ვეგასში 10 ივნისს ჩავიდა იმ მიზნით, რომ ქართველი მებრძოლი ახალ გარემოში ტემპერატურას, ძილის ციკლს, დროის სარტყელს, ტენიანობასა და კვებას შეგუებოდა. ეს ეტაპი დასრულდა. წინ ბრძოლის კვირა და წონის კლებაა. ილიასთვის ყველაზე მძიმე ეტაპი მოდის, რაც წონის კლებას უკავშირდება. მას 6-7 კილოგრამის დაკლება მოუწევს.
ილია ძმასთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთად შედის ერთგვარ კარავში (ვიზუალურად ასე გამოიყურება), რომელიც რეალურად პორტატული საუნაა. პედლების ტრიალი იწყება მისი უახლოესი მეგობრის, ომარ მონტესის მუსიკის ფონზე.
„ტემპერატურა 40 გრადუსია, აქ ყოფნა შეუძლებელია’’ - ამბობს ხესუს გალიო, ილიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. ილია და მისი გუნდი ლას-ვეგასში დაბანაკდნენ, მათ ყველაფერი აქვთ კომფორტული მუშაობისთვის.
„იწვის, იმდენად ცხელა“ — აღნიშნავს ხესუს გალიო.
„ვაუ, ნამდვილად იმოქმედა... საათი და 15 წუთი ვიყავით, ტემპერატურა და ტენიანობა კიდევ უფრო გაზარდეს’ - აღნიშნავს ილია.
ილია ამ პროცესს ყოველდღიურად იმეორებს და ეს კიდევ უფრო რთული ხდება მაშინ, როდესაც მებრძოლს უწევს წონის კლება მაღალი ინტენსივობის ვარჯიშებთან და ბრძოლის კვირის ყველა თანმდევ ვალდებულებასთან ერთად (ინტერვიუები, ფოტოსესიები, პრესკონფერენციები).
შეგახსენებთ, ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას ჩხუბი UFC 317-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ დაპირისპირებას მაყურებელი 29 ივნისს, დილის 08:00 საათიდან იხილავს.