„თოფურია-ოლივეირას მოგებული მინდა“ | გეიჯი UFC-ზე გაბრაზებულია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ჯასტინ გეიჯიმ არ დამალა, რომ ორგანიზაციის დამოკიდებულებით გაბრაზებულია. გეიჯი Makeshift Project-ის სტუმარი იყო და განაცხადა, რომ სურს, მომდევნო ჩხუბი საჩემპიონო ქამრისთვის, ილია თოფურიას ან ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართოს.
„UFC-ის ჩემი ვალი აქვს და საჩემპიონო ორთაბრძოლა მართებს. ბოლო 4 ორთაბრძოლიდან 3 მოვიგე. UFC 300-მდე, ჩემს სახლში მოვიდნენ და მეხვეწებოდნენ, მაქს ჰოლოუეისთან მეჩხუბა. ვთვლი, რომ ჩემი და ჰოლოუეის ორთაბრძოლა საგამოფენო ჩხუბი იყო. წაგება ჩემს რეკორდში უნდა ჩაითვალოს, მაგრამ რეიტინგთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს.
ისლამ მახაჩევი ამბობდა, რომ ჩემთან ჩხუბი სურდა. UFC-ს მარტივად შეეძლო, ეს ორთაბრძოლა ჩაენიშნა, მაგრამ არაფერი გააკეთეს. შემდეგ ისლამმა ტიტული ვაკანტური გახადა და ქამრისთვის ოლივეირა იბრძვის, რომელსაც ბოლო 4 ჩხუბიდან 2 წაგებული აქვს და მახაჩევთანაც დამარცხდა. ახალი ბიჭი მოიყვანეს და მე ისევ ფეხებზე დამიკიდეს.
სარისკო მეტოქესთან ბრძოლას იმ შემთხვევაში დავთანხმდები თუ ძალიან, ძალიან დიდ ფულს გადამიხდიან. სხვა ვარიანტში, საჩემპიონო ორთაბრძოლა მინდა. აღარ ვაპირებ, გასართობად ვიჩხუბო და ჩემი მემკვიდრეობა ნაგავზე მოვისროლო. ოლივეირასა და თოფურიას გამარჯვებული და სატიტულო შანსი მინდა“.
ცნობისთვის, გეიჯიმ ბოლო ბრძოლა 2025 წლის მარტში გამართა და რაფაელ ფიზიევი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.