„არ მომწონს, რასაც აკეთებს“ | პოლ ფელდერმა თოფურია გააკრიტიკა
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, პოლ ფელდერმა ილია თოფურია გააკრიტიკა. ფელდერის მიხედვით, „ელ მატადორმა“ არმან ცარუკიანთან ჩხუბს თავი არ უნდა აარიდოს და საჩემპიონო ქამრის ნომერ პირველ პრეტენდენტს შანსი მისცეს.
„არმან ცარუკიანი ქამრის ნომერ პირველი პრეტენდენტია და იმის თქმა, რომ გირჩევნია, ტიტული დათმო, ვიდრე მასთან იჩხუბო, სწორი არაა. როდესაც მებრძოლთა ახლანდელი თაობის წარმომადგენლები უმაღლეს მწვერვალზე ადიან, მზად არიან, სხვა წონით დივიზიონებში გადავიდნენ და კონტენდერებს ჩხუბები არ მისცენ.
ეს სწორი არაა. ეს ასე არ ხდება. თუ საუკეთესო ხარ და შენს დონეზე არავინ არის, ოქტაგონში შედი და დაამტკიცე. მეზიზღება, რასაც აკეთებენ. ილიას კომენტარი ვნახე და საკუთარ თავს ვუთხარი კიდევ ერთი ჩემპიონი გვყავს, რომელსაც მხოლოდ უდიდესი მოვლენა აინტერესებს-მეთქი. თუ გინდა უდიდესი მოვლენის მონაწილე იყო, მეტოქე არ გჭირდება, თავად გახდი მებრძოლი, ვისი ხილვაც ქომაგებს სურთ."
ცნობისთვის, ილიამ განაცხადა, რომ ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მომდევნო ორთაბრძოლა ცარუკიანის წინააღმდეგ გამართოს, რადგან დიდი შანსია, არმანი ტრავმის გამო, ბრძოლას ჩაეხსნას. თოფურიას სიტყვებს კრიტიკა მოჰყვა და ილია მაიკლ ბისპინგმაც გააკრიტიკა.