საყვედურები მთავარ მწვრთნელს - ფრატეზი ინძაგის ეჩხუბა
დავიდე ფრატეზი რამდენიმე კვირის წინ გამართულ „ინტერი“ - „ბარსელონას“ (4:3) ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში იმდენად კარგად ჩაერთო, ვარაუდობდნენ, რომ მას „პარი სენ-ჟერმენთან“ ძირითად შემადგენლობაში თუ არა, ცვლილებაზე თავის გამოჩენის საშუალება მაინც მიეცემოდა. თუმცა, მისი გუნდის საოცრად უფერული ასპარეზობის მიუხედავად, ნერიაძურის მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ბარსასთან“ დამატებით დროში გადამწყვეტი გოლის ავტორ 25 წლის იტალიელს თავის გამოჩენის საშუალება ერთი წუთითაც არ მისცა, რამაც როგორც შემდგომში აღმოჩნდა, დიდი აურზაური გამოიწვია.
ავტორიტეტული იტალიური გამოცემა Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, არბიტრის საფინალო სასტვენისთანავე, ფრატეზი ინძაგისთან მივიდა და ხმამაღალი ტონით უსაყვედურა იმის გამო, რომ მას ცვლილებაზეც არ მიეცა თამაშის შესაძლებლობა. როდესაც მწვრთნელისგან მისი იგნორირების ნამდვილი მიზეზი ვერ შეიტყო, დავიდემ ტონს კიდევ უფრო აუწია და საქმეში მისი თანაგუნდელები დროულად რომ არ ჩარეულიყვნენ, ვითარება უკიდურესად დაიძაბებოდა.
უკვე ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ინძაგი „ინტერში“ დარჩება, ფრატეზის აუცილებლად წასვლა მოუწევს და როგორც ამბობენ, დარჩენის სურვილი არც თავად მას აქვს. დავიდემ ახლახანს დასრულებულ სეზონში, ყველა ტურნირზე გამართულ 47 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.