მექვაბიშვილის დებიუტი MLS-ში | ჩიკაგო ფაიერი ნეშვილთან დამარცხდა
MLS-ში ანზორ მექვაბიშვილის დებიუტი შედგა, „ნეშვილმა’’ „ჩიკაგო ფაიერს’’ 3:0 მოუგო.
75-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:0 იყო, „ჩიკაგო ფაიერის’’ მთავარმა მწვრთნელმა გრეგ ბერჰალტერმა თამაშში მექვაბიშვილი ჩართო.
78-ე წუთზე მექვაბიშვილი მოედნის ცენტრთან ახლოს პატრიკ იაზბეკის შევიწროებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა, შეტევა განვითარდა და გოლით დასრულდა.
86-ე წუთზე „ნეშვილის’’ ფეხბურთელებმა სისწრაფეში სტუმრებს აჯობეს, სწრაფი კონტრშეტევა გოლით დაასრულეს.
მე-5 დამატებულ წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის ნახევარზე „ნეშვილის'' ნახევარმცველს, მეთიუ კორკორანს ბურთი აართვა და სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა ჯერ ჯონათან ბამბას დარტყმა დაბლოკეს, შემდეგ ლევანდოვსკიმ ჩააწოდა და ბურთი საჯარიმოდან გამოიტანეს.
„მოხარულები ვართ, რომ კლუბს ანზორის დონის ფეხბურთელი შეემატა,“ — განაცხადა „ჩიკაგო ფაიერის“ საფეხბურთო დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა, გრეგ ბერჰალტერმა მექვაბიშვილის ტრანსფერისას. „ის ნამდვილი მებრძოლია, რომლის გამოცდილებაც როგორც სანაკრებო, ისე ევროტურნირების დონეზე, ჩვენი გუნდისთვის ფასეული აქტივი იქნება. ჩემპიონ გუნდში წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარება მის სტაბილურობაზე, ლიდერულ თვისებებსა და გავლენაზე მეტყველებს. გვჯერა, რომ ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ნახევარდაცვის გაძლიერებასა და გუნდის საერთო დონის ამაღლებაში.“