მბაპესა და იამალის გვერდით - კვერნაძე საუკეთესო დრიბლიორებს შორის
გამოცემა PlanetFootball-ი ევროპის ტოპ 5 საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო დრიბლინგის მქონე ფეხბურთელების ათეულს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ შემტევი გიორგი კვერნაძეც მოხვდა.
ქართველ შემტევს სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 13 წარმატებული დრიბლინგი დაუგროვდა. რას წერს მასზე PlanetFootball-ი:
„კვერნაძის სახელი ბევრისთვის უცნობია, მაგრამ ის ახლა ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელია არაა ერთადერთი ქართველი გარემარბი, რომლის თამაშიც შეიძლება აღტაცებას იწვევდეს. კვერნაძე სერია-ს კლუბ „ფროზინონეში“ თამაშობს და იტალიის ჩემპიონატში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით ლიდერობს.
მისი მაჩვენებელი (13) აღემატება „ინტერის“, „იუვენტუსისა“ და „რომას“ ვარსკვლავების მაჩვენებლებს, ხოლო ის ფაქტი, რომ კვერნაძე მოკრძალებულ „ფროზინონეში“ თამაშობს, ამ მიღწევას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის“.
რეიტინგის პირველ ადგილზე 22 წარმატებული დრიბლინგით კილიან მბაპეა, მეორეზე - ლამინ იამალი (19), მესამეზე კი ჯუდ ბელინგემი (14). სრული ათეული ასე გამოიყურება: კილიან მბაპე (რეალი), ლამინ იამალი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (რეალი), გესიმ იასინი (სტრასბურგი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე), ნიკოლა პეპე (ვილიარეალი), დავიდ ლარუბია (მალაგა), კარლოს პუგა (მალაგა), მიგელ სიერა (სევილია), ედუ ექსპოზიტო (ესპანიოლი).
სერია A-ში, 4 ტურის შემდეგ გიორგი კვერნაძეს 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს. ასევე, ქართველმა ფეხბურთელმა თავი იტალიის თასზეც გამოიჩინა, სადაც „იუვე სტაბიას“ დუბლი შეუსრულა.