ვილი სანიოლი
Aa
Aa

„ორი განსხვავებული თამაში გველის“ - ვილი სანიოლი ივნისის მატჩებზე

ივნისში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

გუშინ, ვილი სანიოლის გუნდმა მოახლოებული თამაშებისთვის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა, დღეს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლის პრესკონფერენცია:

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

საკვალიფიკაციო ეტაპზე რთულ ჯგუფში მოვხვდით. იმის მიუხედავად, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ, ამით სიტუაცია არ იცვლება, რადგან ყოველთვის რთულია ფინალურ ეტაპზე კვალიფიცირება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან პირდაპირ მხოლოდ პირველადგილოსანი გადის. ესპანეთი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, რომელმაც ბოლო წლებში საოცარი პროგრესი აჩვენა. ბრძოლა მეორე ადგილისთვის მოგვიწევს და ვეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო გავაკეთოთ. თურქეთი ფანტასტიკური გუნდია, რომელსაც ასევე ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს. მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური მენტალიტეტი შევინარჩუნოთ და ფეხბურთელები საკუთარ თავებს ენდონ.

გურამ კაშიას შესახებ

გურამ კაშია გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ასაკის მიუხედავად მაინც ახერხებს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას და ეს მახარებს. მნიშვნელოვანია, რა მდგომარეობაში იქნება მომდევნო სეზონის დასაწყისში. ძალიან რთულია წინასწარ გითხრათ რა იქნება შემოდგომაზე, ეს მასზეა დამოკიდებული, სად იქნება და რამდენს ითამაშებს. გასაგებია, რომ 37 წლისაა, მაგრამ ამ ეტაპზე არ დგას საკითხი მისი ნაკრებში არყოფნაზე.

ტაქტიკა ამხანაგურ შეხვედრებში

რამდენიმე წყობას განვიხილავთ, მაგრამ ჯერ არ გადაგვიწყვეტია. არ არის მნიშვნელოვანი რა წყობა იქნება - 4-3-3 თუ რაიმე სხვა წყობა. მთავარია როგორ ვიმოქმედებთ მოედანზე და როგორ ვითამაშებთ. გუნდის ძირითადი ბირთვის დასვენების გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ბევრს დამღლელი სეზონი ჰქონდა ამის გამო შანსს სხვა ფეხბურთელებს მივცემთ, ამით კონკურენციაც უფრო გაიზრდება. ისეთ ფეხბურთელებსაც დავეყრდნობი, რომლებიც დიდი ხანია გუნდში არიან, მაგრამ ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი სათამაშო დრო არ მისცემიათ.

კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ამხანაგურ მატჩებში

ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.

საბა ხარებაშვილის შესახებ

დინამოში მის თამაშებს ვუყურე. მას დიდი ხანია ვაკვირდები... ის ჯერ კიდევ 16 წლისაა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით, თანამედროვე ფეხბურთს ძალიან კარგად ერგება. მისი თვისებებით და ბუნებით გაოცებული ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე მისი გამოძახება და ახლოდან გამეცნო. სხვა ფეხბურთელებთანაც არა ერთხელ გამიკეთებია ეს. მინდა რომ დავაკვირდე და უკეთესად გავიცნო, რითაც ეროვნულ ნაკრებს შეეჩვევა.ვის გამოიძახებდით 21-წლამდე ნაკრებიდან?კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ, რადგან ახლა სწორი არ იქნება. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სამომავლოდ ეროვნულ ნაკრებში მოიაზრებიან.21-წლამდე ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე და ეს ძალიან დიდი წარმატებაა. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს და ეს სწორედ ამის დამსახურებაა. ასევე, გუნდს რამაზ სვანაძის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც ბოლო წლებში დიდებული სამუშაო გასწია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ დავესწრები, რადგან შეკრება ამ დღეს იწყება, მაგრამ თამაშს აუცილებლად ვუყურებ და ხვიჩას რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ. პსჟ-ს ვუგულშემატკივრებ. თუ ხვიჩა მოიგებს, ჩვენს გასახდელში ერთადერთი აღარ ვიქნები, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა ექნება მოგებული. ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, ლიდერის თვისებები და მისი სახით, გასახდელში ასეთი ფეხბურთელის ყოლა ძალიან დიდი ფუფუნებაა. რა თქმა უნდა მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. ქართულ ფეხბურთში ხვიჩას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ის ახალგაზრდა თაობის შთაგონების წყარო და ქართული ფეხბურთის ლოკომოტივია.

მეკარეების შესახებ

მეკარეებზე ადრეც ვთქვი, რომ პირველი მეკარე მამარდაშვილი იქნება, მეორე გუგეშაშვილი, მესამე კი ლორია. ამ პრინციპით იქნება ამ ამხანაგურ შეხვედრებშიც.

ფარერის კუნძულების და კაბო-ვერდეს შესახებ

ორივე მეტოქე შევისწავლეთ და ორივე განსხვავდება ერთმანეთისგან. ფარერები უფრო ძლიერი ფიზიკურ თამაშშია, კაბო-ვერდე კი შედარებით ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს. ორი განსხვავებული თამაში გველის და ორივესთვის მზად ვიქნებით. ნაკრები ქუთაისში რომ თამაშობს, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული ნაკრები ყველასია. იმედია სამომავლოდ არა მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც ვითამაშებთ.

ჩაკვეტაძის მდგომარეობის შესახებ

მის შესახებ პირველი ინფორმაცია იყო, რომ 6-8 კვირამდე ვერ ითამაშებდა, მეტი არაფერი ვიცი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრის თამაშებისთვის მზად იყოს. ახლა მთავარი ეს არის.

სენტ-ეტიენისა და ზურიკოს შესახებ

მეზიზღება ზურიკო, რადგან სენტ-ეტიენი მეორე ლიგაში გააგდო... ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით... მას კარგი სეზონი ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტი შეუძლია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში შეუსვენებლად თამაშობდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ მას უკეთეს გუნდში თამაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს, საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფარერის კუნძულებს შეხვდება, 8 ივნისს კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისის მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია