ამ შეგრძნებას სიტყვებით ვერ აღვწერ | ხარებაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის 16 წლის საბა ხარებაშვილი გამოიძახა. თუ ფრანგი სპეციალისტი საბას ფარერის კუნძულების ნაკრებთან ან კაბო ვერდესთან ათამაშებს, ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება. საბა ეროვნულ ნაკრებში 16 წლისა და 9 თვის ასაკში ითამაშებს.
საბა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შესახებ თბილისის „დინამოს'' პრესსამსახურს ესაუბრა.
საბა ხარებაშვილი: „წარმოუდგენელი შეგრძნება იყო, როცა პირველად გავიგე, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ამ შეგრძნებას ვერ აღვწერ, ფეხბურთელის კარიერაში უფრო მეტი რა უნდა მოხდეს? ყველაფერმა, რაც ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თვალწინ ჩამიარა.
რა თქმა უნდა, მოტივირებული ვარ. ჯერ გორის „დილასთან’’ თამაშზე ვარ მოტივირებული და შემდეგ ეროვნულ ნაკრებზე.
ასეთ პატარა ასაკში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და ძალიან დიდი სტიმულია, რომ ეროვნული ნაკრებისთვის მეტი გავაკეთო’’.
საბა ტალანტად მიიჩნევა და მის მიმართ ინტერესს არაერთი ცნობილი კლუბი იჩენს. სხვადასხვა წყაროებმა პსჟ-ს, „ბარსელონასა'' და „რეალს'' დაუკავშირეს. დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ გასულ წელს საბას მიმართ სერიოზული ინტერესი „ლივერპულს'' ჰქონდა. ასაკიდან გამომდინარე, ვიდრე 18 წლის არ გახდება, თბილისის „დინამოში'' ითამაშებს, რადგან არაევროკავშირელის პასპორტის გამო არასრულწლოვან ქართველ ფეხბურთელებს ევროპულ კლუბებში თამაშის უფლება არ აქვთ.
საბა თბილისის „დინამოს'' პირველ გუნდში 2024 წლის სეზონიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ამპლუით მარცხენა მცველმა 5 ყვითელი ბარათი მიიღო.