„მისი თვისებებით გაოცებული ვარ“ - სანიოლმა ხარებაშვილზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჟურნალისტებთან ეროვნულ ნაკრებში საბა ხარებაშვილის გამოძახებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახალგაზრდა მცველის თამაშით აღფრთოვანებულია.
რას ამბობს სანიოლი:
დინამოში მის თამაშებს ვუყურე. მას დიდი ხანია ვაკვირდები... ის ჯერ კიდევ 16 წლისაა, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით, თანამედროვე ფეხბურთს ძალიან კარგად ერგება. მისი თვისებებით და ბუნებით გაოცებული ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე მისი გამოძახება და ახლოდან გამეცნო. სხვა ფეხბურთელებთანაც არა ერთხელ გამიკეთებია ეს. მინდა რომ დავაკვირდე და უკეთესად გავიცნო, რითაც ეროვნულ ნაკრებს შეეჩვევა.
ცნობისთვის, საბა ხარებაშვილი 16 წლის და 9 თვისაა, რითაც საქართველოში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ასეთ პატარა ასაკში გამოიძახეს. აქამდე რეკორდი ლევან ყენიას ეკუთვნოდა. თუ ხარებაშვილი რომელიმე ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშებს, მაშინ ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ეროვნული გუნდის მაისური მოურგია. ეს რეკორდიც ლევან ყენიას ეკუთვნის, რომელმაც ნაკრების მაისური 16 წლისა 10 თვის ასაკში მოირგო.
საბა თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში 2024 წლის სეზონიდან თამაშობს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, ყველა სასტარტოდან დაიწყო და მხოლოდ ერთხელ შეცვალეს, 3 საგოლე პასი შეასრულა. ასევე გეტყვით, რომ ამპლუით მარცხენა მცველმა 5 ყვითელი ბარათი მიიღო.
საქართველოს ნაკრები 5 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე ფარერის კუნძულებს შეხვდება, 8 ივნისს კი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე კაბო-ვერდეს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.