ზურიკოს თაობაზე პოზიცია შეცვალეს? | სენტ-ეტიენის ბარტერი სტრასბურგთან
ზურიკო დავითაშვილის მომავალი ფრანგული პრესის ერთ-ერთი სასაუბრო თემაა. „სენტ-ეტიენი“ საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში დაქვეითდა, ქართველ ფეხბურთელს კი მსურველები ჰყავს და ყველაზე ხშირად „სტრასბურგს“ უკავშირებენ.
გასულ კვირას, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მწვანეები“ დავითაშვილის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა. „სენტ-ეტიენთან“ დაახლოებული გამოცემა, Envertetcontretous-ი წერს, რომ შესაძლოა, „სტრასბურგთან“ ბარტერი განხორციელდეს.
Envertetcontretous-ის ცნობით, „სენტ-ეტიენი“ „სტრასბურგის“ მეკარით, რობინ რისერითაა დაინტერესებული. არის შანსი, „მწვანეებმა“ დავითაშვილი დათმონ, სანაცვლოდ კი რისერი და გარკვეული ოდენობის ფინანსური კომპენსაცია მიიღონ.
ცნობისთვის, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონი ევროა და ზურიკომ გასული სეზონი 17 საგოლე მოქმედებით დაასრულა. „სტრასბურგის“ გარდა, მისით „ტრაბზონსპორია“ დაინტერესებული.