შენგელიას 7 ქულა სამ წუთში | ბოლონიამ სერია მოიგო და ნახევარფინალშია
კალათბურთში, იტალიის ლეგა A-ს მეოთხედფინალური სტადიის ფლეი-ოფში „ვირტუს ბოლონიამ’’ შინ „ვენეციას’’ 86:84 მოუგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა. ბოლონიური კლუბი ნახევარფინალში ითამაშებს.
მე-5 შეხვედრაში თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიას’’ სასტარტო ხუთეულში არ იყო, პარკეტზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა, მის აქტივში 7 ქულა და 1 პასია.
სერიის მე-4 შეხვედრაში შენგელია მეტოქე კალათბუთელის მიერ თავში იდაყვის ჩარტყმის გამო დაშავდა. სავარაუდოდ, მცირე სათამაშო დრო ამ მიზეზის გამო მიიღო, „ბოლონიას'' ერთ-ერთი ლიდერი თამაშისთვის ბოლომდე მზად არ იყო.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის MVP-ის ტიტულისთვის იბრძვის. ქართველი კალათბურთელი ფინალისტებს შორის გახლავთ. ცნობისთვის, პირველ ეტაპზე გამოკითხვა სერია ა-ს 16 კლუბის მოთამაშეებს, მწვრთნელებსა და დირექტორებს შორის შედგა. მონაწილეობა ასევე ჟურნალისტებმაც მიიღეს. მეორე ეტაპზე უკვე 5 მოთამაშე იყო დარჩენილი. ხმა მხოლოდ გულშემატკივრებმა მისცეს და ფინალისტები გამოავლინეს. 2024/2025 წლების სეზონი საუკეთესო კალათბურთელის ტიტულისთვის შენგელიასთან ერთად მირო ბილანი(ბრეშა) და ჯასტინ რობინზონი (ტრაპანი) იბრძვიან.