ტორინოში ბრუნდება - ემპოლი საზონოვს არ გამოისყიდის
იტალიური მედიის ინფორმაციით, საბა საზონოვი ტორინოში ბრუნდება. ემპოლი, რომელიც სერია ბ-ში გავარდა ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ამისი სრული უფლება აქვს.
Calcio Empoli წერს:
„ტორინოს საკუთრებაში მყოფ ფეხბურთელს მთელი სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. საზონოვის გამოსასყიდი თანხა 3.5 მილიონი ევროა, რაც ამ ეტაპზე ემპოლისთვის ბევრია. აქედან გამომდინარე, მისი გამოსყიდვა შეუძლებლად მოჩანს.“
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასაწყისში საზონოვმა ტორინოს რიგებში მილანთან ითამაშა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ემპოლიმ ის იჯარის წესით გადაიყვანა.
სამწუხაროდ, 23 წლის უკანახაზელს საშინლად არ გაუმართლა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. საბამ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, რის გამოც მთელი სეზონი გამოტოვა.