„ტექნიკურად ძლიერია“ | დუმფრისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება. „ნერაძურის“ მარჯვენა მცველმა, დენზელ დუმფრისმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა და ქართველ გარემარბთან გასამართ დუელზე ილაპარაკა.
„სკუდეტოს ვერ მოგების მიუხედავად, ფეხბურთელები ენერგიულად ვართ განწყობილი და ყველამ ბევრი ვიმუშავეთ, რათა აქ მოვსულიყავით. მოტივირებულნი ვართ, სიამაყის გრძნობა გვაქვს და უნდა გავიმარჯვოთ. კვარაცხელია? ხვიჩა ტექნიკურად ძლიერი და განსაკუთრებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ მარტივი არ იქნება, მაგრამ ინტერი ინტერია“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიში“ ყოფნისას, კვარაცხელიას „ნერაძურის“ წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია. 5-ჯერ სერია A-ს ეგიდით, ერთხელ კი იტალიის სუპერთასზე. ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა გუნდმა 1 თამაში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, 3 წააგო, ხვიჩას კი „ინტერთან“ საგოლე მოქმედება არ ჰქონია.
როგორც მოგეხსენებათ, პსჟ-სა და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნხენში გაიმართება.