ბუდუ კვლავ ბუნდესლიგაში ითამაშებს! - ჰაიდენჰაიმმა ბოლო წუთზე მოიგო
გერმანიის ბუნდესლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ელფერსბერგს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1, ორი მატჩის ჯამში კი 4:3 დაამარცხა და მომდევნო სეზონისთვის ბუნდესლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
დღევანდელი მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბუდუს გუნდმა გამარჯვება შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გატანილი გოლით შეძლო. რაც შეეხება ზივზივაძეს, ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა მოედანზე 23-ე წუთზე, ტრავმირებული პიერინგერის ნაცვლად გამოჩნდა. ბუდუს გოლის გატანის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, თუმცა მატჩი შედეგიანი მოქმედების გარეშე დაასრულა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, შეხვედრაში ანგარიში „ჰაიდენჰაიმმა“ მე-9 წუთზე, ჰონსაკის გოლით გახსნა, 31-ე წუთზე კი მასპინძლებმა წონასწორობა ჰელგაუერის გოლით აღადგინეს. შეხვედრის მიწურულს, როდესაც ყველას ეგონა, რომ დამატებითი დრო დაინიშნებოდა, სტუმრებმა ბრწყინვალე კომბინაცია გაითამაშეს და მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს, რომელიც სკიენზას ეკუთვნის.
შესაბამისად, უკვე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო სეზონში ბუდუ ზივზივაძე კვლავ გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშებს. რაც შეეხება ამ სეზონს, ბუდუ „ჰაიდენჰაიმს“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და 16 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.