მარცხი ბოლოსწინა ტურში - შტურმის გოლი კიტეიშვილის აქტიურობას მოჰყვა
„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლოსწინა ტურში ვენაში ადგილობრივ „რაპიდთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობით, 1:3 დამარცხდა. გრაცის გუნდის სასიხარულოდ, პარალელურად მიმდინარე მატჩში მისმა უშუალო კონკურენტმა „ვოლფსბერგერმა“ საკუთარ სტადიონზე „აუსტრიასთან“ 1:2 წააგო და ბოლო ტურის წინ ოთარ კიტეიშვილი და მისი თანაგუნდელები მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე იქნებიან დამოკიდებულები - თუ „შტურმი“ 24 მაისს საკუთარ სტადიონზე „ვოლფსბერგერს“ დაამარცხებს, ავსტრიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეოთხედ გახდება.
დღეს გამართულ თამაშს რაც შეეხება, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „რაპიდმა“ „შტურმს“ აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. სტუმართა ერთადერთი გოლი კი, 66-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის აქტიურობას მოჰყვა - 29 წლის ქართველმა ნახევარმცველმა, რომელიც ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ზედიზედ მეორედ აღიარეს, კარგი დრიბლინგის შედეგად პასის გაკეთება სცადა, თუმცა ბურთი რიკოშეტის შედეგად მის თანაგუნდელს, ლეონ გრგიჩს მიუვიდა და მანაც მასპინძლების მეკარე იოლად დაამწუხრა. ათბალიანი სისტემით კიტეიშვილს 7,4 მეათედი დაუწერეს და მასზე მაღალი შეფასება „შტურმში“ მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო.
ავსტრიის ბუნდესლიგას ბოლო ტურის წინ 39 ქულით „შტურმი“ ლიდერობს, ხოლო მეორე-მესამე ადგილებზე მყოფ „აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერს“ 36-36 ქულა აქვთ. ბოლო ტურში გრაცელები „ვოლფსბერგერს“ უმასპინძლებენ, ხოლო „აუსტრია“ საკუთარ სტადიონზე „ლინცს“ მიიღებს. გამოდის, რომ „ვოლფსბერგერისა“ და „აუსტრიას“ გამარჯვების შემთხვევაში თანაბარ ქულებს ერთბაშად სამი კლუბი დააგროვებს, რაც ჩემპიონატის ისედაც დაძაბულ ფინიშს კიდევ უფრო სანახაობრივსა და მიმზიდველს გახდის.