ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? - ილიამ მახაჩევზე ისაუბრა
ილია თოფურიამ პრესკონფერენციაზე ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა.
თოფურია: „ისლამმა თქვა, რომ ტიტულს ვაკანტურს არ გახდიდა. მსუბუქ წონაში იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ვინმესთვის რამე მეთხოვა. გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? ასე რომ როცა ქამარი ჩემთან იქნება, შეუძლია რიგში ჩადგეს, რიგი საკმაოდ გრძელია, ბევრი კონტენდერია’’.
შეგახსენებთ, ილია თოფურია ოქტაგონს უბრუნდება. მიმდინარე კვირაში UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.
„მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ავა და ჯეკ დელა მადალენას ეჩხუბება. ყველა იცნობთ ილია თოფურიას. ის დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელმაც ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტიტული ვაკანტური გახადა. ილია მსუბუქ წონაში გადავიდა და ყოფილ ჩემპიონს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ისინი მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის იჩხუბებენ“, - თქვა დენამ.
უაითის განცხადებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, „ელ მატადორმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა: „28 ივნისს, კიდევ ერთი ოცნება ასრულდება. მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გავხდები. ჩარლზ, წინასწარ ბოდიში... ჩემი ოცნებებისთვის ვჩხუბობ. სამწუხაროა, რომ მახაჩევი გაიქცა. 17-0-ზე“.