ევერტონი, რენი, სევილია და მთავარი პრობლემა | რას წერს Footmercato ზურიკოზე
ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ფრანგულ პრესაში კვლავ აქტიურად წერენ. ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაში არ სურს და „სენტ-ეტიენის“ დატოვებაზეა ორიენტირებული. ცნობილმა გამოცემამ, Footmercato-მ ზურიკოს მომავალთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლო ცნობები გაგვიზიარა.
„ზურიკო დავითაშვილი სენტ-ეტიენისთვის ერთ-ერთი ხელშეუხებელი ფეხბურთელია. ჩვენი ბოლო ინფორმაციით, ბორდოს ყოფილი მოთამაშე რენის, სტრასბურგის, სევილიას, გლადბახისა და ევერტონის ყურადღების ცენტრშია. რა არის მთავარი პრობლემა? სენტ-ეტიენი წინადადებების მოსმენასა და 24 წლის გარემარბის გაშვებას არ აპირებს. მნიშვნელობა არ აქვს რა თანხას შესთავაზებენ - ზურიკო არ იყიდება.
დავითაშვილი შექმნილი სიტუაციით გაღიზიანებული და აღშფოთებულია. მას სურს, ახალ ამბიციურ გამოწვევას გაუმკლავდეს და სწორედ ამ მიზეზით, წინასასეზონო ეტაპზე, პარიზთან და კალიარისთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ქართველი ფეხბურთელის პოზიცია ნათელია და მისი ამოცანაა, უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე გუნდში გადავიდეს. სასურველია, ეს კლუბი ევროტურნირზე გამოდიოდეს“, - წერს Footmercato.
საინტერესოა, რომ დავითაშვილს რამდენიმე კლუბს აქტიურად უკავშირებდნენ, მაგრამ „ევერტონისა“ და „გლადბახის“ ვარიანტი პირველად გაჟღერდა. ზურიკოს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.