წარსულზე დაფუძნებული ყველა პროექტი მიმზიდველია | არველაძე ლანჩხუთის გურიას ესტუმრა
შოთა არველაძე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ესტუმრა და კლუბის პრესსამსახურს ახლადდაწყებული პროექტის შესახებ ესაუბრა. მოგეხსენებათ, კლუბის ერთ-ერთი მმართველი მერაბ ჟორდანია გახდა. ასევე, კლუბის პრეზიდენტი მისი შვილი, კახი ჟორდანიაა.
შოთა არველაძემ საუბარი მთავარი მწვრთნელის, გოჩა ტყებუჩავას შესახებ საუბრით დაიწყო:„გოჩა ჩემი დიდი ხნის თანაგუნდელია, თბილისის დინამოსა და ეროვნულ ნაკრებში ერთად გვითამაშია. შემდეგ ერთადაც ვიმუშავეთ. ღირსეული ადამიანი და სპორტსმენია, ლანჩხუთის გურიას ერთ-ერთი მემატიანე. ყველაფერი ახსოვს, ყველაფერი კარგი ახსოვს. ლანჩხუთის გურიას ყოველთვის დიდებულად აღნიშნავს და მოიხსენიებს. ვფიქრობ, ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იქნება. გოჩას დანიშვნა კარგი არჩევანია და ამაში მინდა, ყველა დავარწმუნო.
შესაძლოა, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ მემკვიდრეობით ჩვენ სამი გუნდი გადმოგვყვა: თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო და ლანჩხუთის გურია. ეს სამი გუნდი იყო ის მამოძრავებელი ძალა, რაც ყოველთვის ქართულ ფეხბურთს ახლდა. ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ისტორიის მქონე კლუბი არ შენარჩუნდა. შეიძლება ითქვას, ალბათ, აღარც არსებობდა, მაგრამ საბედნიეროდ ისეთი გულშემატკივარი გამოუჩნდა, რომელსაც კლუბი ძალიან უყვარს, მისი წარსული უყვარს და დიდ წარსულსა და ტრადიციაზე დაფუძნებული ყველა პროექტი ძალიან მიმზიდველია.
ქართული ფეხბურთისთვის ლანჩხუთის გურიას აღორძინება ბოლო წლებში ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი პროექტები ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ გუნდის წარმატება ახსოვს. როგორი საოცარი ისტორია აქვს ამ კლუბს! ალბათ, ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით ძალიან ცოტა კლუბი მოიძებნება მსოფლიოში, რომელსაც ასეთ მაღალ დონეზე უთამაშია და ასეთ ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს უმოღვაწევიათ. ამიტომ, მინდა კლუბს წარმატება ვუსურვო. მეც დიდი სიამოვნებით მოვედი და მათ ვარჯიშს ვუყურებ.“
საქართველოს რანგით მესამე ლიგაში 6 ტურის შემდეგ გურია 12 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერს 3 ქულით ჩამორჩება. გოჩა ტყებუჩავას გაწვრთნილმა გუნდმა 6-დან 3 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, არ დამარცხებულა. 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა. გატანილი გოლების მაჩვენებლით მხოლოდ ლიდერ ორბს ჩამორჩება (1 გოლით) და გაშვებული გოლების რაოდენობით ჩემპიონატში საუკეთესოა.