დაცვასა და შეტევაში ძალიან კარგად იმუშავა | ესპანელმა მწვრთნელმა ხორხელი შეაქო
სლოვაკეთის ჩემპიონატში ტრნავას ქართველი ფეხბურთელი ლუკა ხორხელი კარგ ფორმაშია, ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, სამივე თავით. ჯერ სლოვანს შეუგდო, გასულ შაბათს მიხალოვცესთან დუბლი შეასრულა და მატჩის შემდეგ ტრნავას ესპანელ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო მუნიოსს ხორხელის შესახებ ჰკითხეს.
ტრნავას ქომაგებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხორხელი დაასახელეს, ხმათა 73 პროცენტი მიიღო.
ხორხელის დუბლი მიხალოვცესთან
ანტონიო მუნიოსი: „ის ძალიან კარგი იყო. მოედანზე ზუსტად ის გააკეთა, რაც ვთხოვეთ. ასე რომ, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით, მათ შორის დაცვაშიც, როგორც ადრე ვთქვი, მხოლოდ ორ გოლს არ ვგულისხმობ. ვფიქრობ, დაცვაშიც ძალიან კარგად იმუშავა. მიკისთან ერთად თავის ფლანგს კარგად აკონტროლებდა. ასე რომ, მისი თამაშით კმაყოფილი ვარ''.
ხორხელის გოლი სლოვანთან
მიმდინარე სეზონში ლუკა ხორხელმა სლოვაკეთის ჩემპიონატსა და თასზე საერთო ჯამში 22 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 7 საგოლე მოქმედებაა, 6 გოლი და 1 საგოლე პასი. ბოლო ორ მატჩში 3 და ბოლო ხუთ მატჩში 4 გოლი შეაგდო. მოკლედ, ძალიან კარგ ფორმაშია.
26 წლის ლუკა ხორხელი იბერიაში, გორში, სპაერში, ბოლნისის სიონსა და სამგურალში ირიცხებოდა. ეს მისი სადებიუტო სეზონია უცხოეთში, 2025 წლის ზაფხულის მიწურულს კარიერა სლოვაკურ კლუბს დაუკავშირა,
2022 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რიგებში ოთხ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.