„საქართველოს ნაკრები მუნდიალზე გავა“ - ცაავას ოპტიმისტური განწყობა
2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა როგორც გულშემატკივრებს, ასევე სხვადასხვა თაობის ვეტერან მოთამაშეებს იმხელა სიხარული და ბედნიერება მოუტანა, რომ ამ გუნდის ყველას სჯერა და შესაბამისად, 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ, განწყობა უკიდურესად ოპტიმისტურია. ზუსტად ასეთივე პათოსით არის განმსჭვალული წარსულში ცნობილი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა, რომელიც ამჟამად თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს და Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართულ ფეხბურთში მიმდინარე მოვლენებზე ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყების წინაც ვამბობდი, რომ საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვდებოდა, რასაც ბევრი არასერიოზულად უყურებდა. თუმცა, ხომ ნახეთ, ამ საოცარმა თაობამ და მის გამორჩეულმა წარმომადგენლებმა უდიდესი ისტორია დაწერეს და დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ჩემპიონატზეც გავლენ.
ხვიჩა კვარაცხელიას დასახასიათებლად სიტყვები არ მყოფნის - ამ ბიჭს არამხოლოდ ვეტერანი ფეხბურთელებისგან, არამედ მთლიანად ქვეყნისგან უდიდესი მადლობა ეკუთვნის, რადგან საქართველო მთელ მსოფლიოს ახლო ხედით გააცნო და ის ჩვენს სავიზიტო ბარათად იქცა.
სანაკრებო წარმატებების პარალელურად, უზომოდ მწყდება გული ქართულ საკლუბო ფეხბურთში არსებულ ვითარებაზე. მიჭირს გარედან წარუმატებლობის მიზეზებზე საუბარი. ერთი რამ კი ცხადია, ახლა საჭიროა კლუბების ერთიანობა და იმ პრობლემების ერთობლივად მოძიება, რის გამოც ევროტურნირებზე ხელშესახები შედეგები არ გვაქვს“.
ცნობისათვის, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს თურქებთან საშინაო მატჩით დაიწყებს, რომელზე დასასწრები ბილეთებიც 4 საათზე ნაკლებ დროში გაიყიდა.