მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი
გიორგი მამარდაშვილმა „ენფილდ როუდზე“ „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. „წითლებმა“ „ბილბაო“ 3:2 დაამარცხეს და 24 წლის ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა. მამარდას გაშვებული გოლებიდან ბრალი არც ერთში არ მიუძღვოდა, ხოლო მატჩის მიწურულს ცვლილებაზე შესული ადუ არესის ძლიერი დარტყმა ლამაზ ნახტომში მოიგერია და როგორც თანაგუნდელების, ასევე პუბლიკის აპლოდისმენტები დაიმსახურა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მასპინძლების რიგებში დუბლი კოდი გაკპომ შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა, რომელსაც ნიდერლანდელი თანაგუნდელის მსგავსად მეორეს გატანაც შეეძლო, თუმცა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება მამარდაშვილის კარში გატანილ ბურთებს, ორიოლ სანსეტმა დაცვის ჩავარდნით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა, ხოლო მაროან სანადის თავური გზად გაკპოს მოხვდა და იმდენად დიდი რიკოშეტი იყო, ქართველი მეკარე გუნდს ნამდვილად ვერ გადაარჩენდა.
ამით „ლივერპულმა“ სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და 10 აგვისტოს, ინგლისის სუპერ თასზე „კრისტალ პალასს“ შეხვდება, ხოლო ინგლისის პრემიერ ლიგას 15 აგვისტოს, „ბორნმუთთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.