„მე რეკორდებისთვის არასოდეს ვთამაშობდი“ - ჯაბარმა ლებრონთან კონფლიქტი უარყო
ლებრონ ჯეიმსმა რამდენიმე თვის წინ კარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი დაამხო და NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, რის გამოც ზოგიერთ ამერიკულ სპორტულ გამოცემაში დაიწერა, რომ ამ ორ ლეგენდას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა. რამდენად შეეფერება ყოველივე ეს სიმართლეს, ამის გარკვევა ESPN-ის ჟურნალისტმა თავად ჯაბარისთან სცადა, რომელმაც ჯეიმსთან კონფლიქტი კატეგორიულად უარყო, თუმცა ისეთი კომენტარი მაინც გააკეთა, რომ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები დატოვა.
რა თქვა ჯაბარმა
ლებრონმა პირველ ადგილზე ყოფნა დაიმსახურა, რადგან საამისოდ ძალიან ბევრი იშრომა. მისი წარმატებები მერწმუნეთ, მხოლოდ და მხოლოდ მახარებს. მე რეკორდებს ყურადღებას არასოდეს ვაქცევდი, ვთამაშობდი იმის გამო, რომ ჩემს გუნდს გაჩემპიონებაში დავხმარებოდი. შედეგად ექვსი ბეჭედი მაქვს, აქედან ორჯერ ფინალის MVP გავხდი და როგორ ფიქრობთ, რაიმეთი უკმაყოფილო უნდა ვიყო?
ცნობისათვის, ამჟამად ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 1562 მატჩში 42 184 ქულაა, ხოლო კარიმ აბდულ-ჯაბარმა 1560 შეხვედრაში თავი 38 387 ქულით გამოიჩინა.