წარმატება პრესტიჟულ ტურნირზე - ვერცხლის მედალი ამერიკულ ფეხბურთში
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. „ოაზისის თასის“ სახელწოდების მქონე ფლეგ-ფეხბურთის შეჯიბრების ფინალში, რომელსაც აბუ-დაბი მასპინძლობდა ჩვენი ქვეყნის გუნდი მასპინძელ არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან 13:29 დამარცხდა. შეხვედრის დასაწყისში შედარებით თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა შემდეგ უპირატესობა მეტოქემ მოიპოვა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა, რაშიც ბუნებრივია მასპინძლის სტატუსიც დაეხმარა.
გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლების მიღებამდე, საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ამ ტურნირზე მიწვეული გუნდის სტატუსით ასპარეზობდა, ოთხ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. ჩვენი ქვეყნის ნაკრების ლიდერი ლაშა უნგიაძე კი ტურნირის საუკეთესო შემტევი სპორტსმენისთვის განკუთვნილი პრიზით დააჯილდოვეს.
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბდა და ეროვნული ჩემპიონატიც რეგულარულად ტარდება.