ხელბურთელთა ნაკრები მეოთხე კალათაში - კენჭისყრისთვის ყველაფერი მზად არის
15 მაისს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ევროპის 2026 წლის სახელბურთო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. წილისყრის პროცედურების შესახებ დღეს ყველაფერი დეტალურად გაირკვა და ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი, რომელიც კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდა, სერბეთთან, შვეიცარიასთან, რუმინეთთან, უკრაინასთან და იტალიასთან ერთად მეოთხე კალათაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები ვერანაირად ვერ იქნებიან.
კენჭისყრის შედეგად შეიქმნება ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი და მეოთხედფინალში თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გავა. ქართველი ხელბურთელებისთვის ასეთ დონეზე ასპარეზობა უცხო ნამდვილად არ არის - მათ 2024 წლის ევროპირველობაზეც ითამაშეს და ბოსნიელების 22:19 დამარცხებით ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ამ შეხვედრაშიც და მთლიანად ტურნირზე ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გიორგი ცხოვრებაძე გახლდათ, რომელმაც პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გამოსვლა 21 გოლით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ევროპის სახელბურთო ჩემპიონატი 15 იანვრიდან 1 თებერვლამდე სამ ქვეყანაში, დანიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ჩატარდება.