მთავრობის გადაწყვეტილება | ხელბურთელთა ნაკრებს მილიონი ლარი გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო გიორგი არველოდი დიხამინჯია იყო - 7 გოლი. ირაკლი კბილაშვილმა 6 ბურთი შეაგდო, ერეკლე არსენაშვილმა - 5, გიორგი ცხოვრებაძემ - 4, ვახტანგ ხელისუფალმა - 2.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა მეორე პოზიცია გაინაღდა, რაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გარანტიას იძლევა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 11 მაისს ისლანდიაში გამართავს. ევროპის ჩემპიონატი კი 15 იანვარს დაიწყება. მას შვედეთი, დანია და ნორვეგია უმასპინძლებს.