გამარჯვება ოლიმპიურ ჩემპიონთან - ბაზაძის მორიგი მედალი
საქართველოს ნომერ პირველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ საერთაშორისო ტურნირზე კიდევ ერთი მედალი მოიპოვა. 31 წლის ქართველმა სპორტსმენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული ხუთი ბრძოლიდან ოთხი მოიგო და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა, რითაც მსოფლიო რეიტინგში, სადაც ამჟამად მერვე ადგილზე იმყოფება, სამომავლოდ პოზიციებს კიდევ უფრო გაიუმჯობესებს.
ბაზაძემ ტურნირი უზბეკი მუსა აიმურატოვის 15:9 დამარცხებით დაიწყო, რასაც ჰონგ-კონგელ ჰო პაკ ლამ უგოსთან 15:11 გამარჯვება მოჰყვა. ანალოგიური ანგარიშით აჯობა სანდრომ მერვედფინალში იტალიელ მიკელე გალოს, ხოლო მეოთხედფინალში ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგი ლიდერი, მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი სან გუკ ოჰი 15:11 დაამარცხა. სამწუხაროდ ნახევარფინალში ბაზაძემ უნგრელ კრისტიან რაბთან 10:15 წააგო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 20 ივლისიდან 30 ივლისამდე პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო უმასპინძლებს.