ბრინჯაო მსოფლიოს თასზე - მოფარიკავე გოგონათა ნაკრების წარმატება
ჩვენს სამშობლოში სხვადასხვა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის ჩატარება სპორტის თითოეულ სახეობაში ქართველებისთვის დამატებითი მოტივაციის მიმცემია, რაც მათ მიერ ნაჩვენებ საბოლოო შედეგებზე პირდაპირპროპორციულად აისახება და ბუნებრივია, მათ დონესაც ერთიორად ზრდის. ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც თბილისში გამართულ ფარიკაობის მსოფლიოს თასზე საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას ოთხი მოფარიკავე, ალექსანდრა კუვაევა, ანასტასია ასათიანი, ანასტასია ცანავა და თამარ კვინიკაძე იცავდნენ. მათი დამსახურებით საქართველოს გუნდმა მიყოლებით რუმინეთის, ჩინეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაამარცხა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.
წარმატების გარეშე არ დასრულებულა ჩვენთვის ინდივიდუალური ასპარეზობაც, სადაც ალექსანდრა კუვაევა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ახალგაზრდა მოფარიკავემ ფინალში რუმინელი მეტოქე 15:11 დაამარცხა და ჩემპიონი სრულიად დამსახურებულად გახდა.