12 ბრძოლა მოიგო - ბაზაძის ოქროს მედალი
სანდრო ბაზაძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და უპრესტიჟულესი საერთაშორისო შეჯიბრება მოიგო. 33 წლის ქართველმა მოფარიკავემ ამჯერად ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტ ტურნირზე იასპარეზა, სადაც 21 ქვეყნის 102 მოფარიკავე გამოდიოდა. მძიმე კონკურენციის პირობებში, სანდრომ 12 ბრძოლა მოიგო, რის შემდეგაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სრულიად დამსახურებულად ავიდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაზაძემ ექვსიდან ექვსი დაპირისპირება მოიგო, რის შემდეგაც პლეი ოფის საწყის სამ შეხვედრაში სამი უკრაინელი მოწინააღმდეგე, დანილ სკორჰიფი (15:7), ბოგდან ბოგოვინი (15:5) და ოლექსეი სტაცენკო (15:0) დაამარცხა. მეოთხედფინალში სანდრო სინგაპურელ ჰიე ჰუ ჩანზე (15:5) ძლიერი აღმოჩნდა, ნახევარფინალში იტალიელ კოზიმო ბერტინის (15:10) აჯობა, ხოლო ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ამერიკელ ბენ ავრამს (15:9) მოუგო.
ცნობისათვის, სანდრო ბაზაძეს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოგებული - 2025 წელს ის ჩემპიონი გახდა, 2023-ში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა, ხოლო 2022 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მის აქტივშია ასევე ევროპული თამაშების ჩემპიონობა, ხოლო ევროპის პირველობაზე ორჯერ ჩემპიონობა, სამჯერ კი ბრინჯაოს პრიზიორობა.