ინდივიდუალურშიც და გუნდურშიც - 5 მედალი ევროპის პირველობიდან
უელსში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის სამმა წარმომადგენელმა, ირმა ხეცურიანმა, ნინა თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა კარდიფის საფარიკაო ბილიკებზეც მოახდინეს საკუთარი უმაღლესი კლასის დემონსტრირება და ხელშესახები შედეგები აჩვენეს.
საერთო ჯამში ქართველმა პარამოფარიკავეებმა ხუთი მედალი მოიპოვეს, რაც მართლაც კარგი შედეგია. ინდივიდუალურ ასპარეზობაში რაპირით ფარიკაობის დისციპლინაში ვერცხლის მედალს ნინა თიბილაშვილი დაეუფლა. რაც შეეხება ხმლით ფარიკაობას, ნინა ამ შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა, ხოლო ირმა ხეცურიანი ვიცე-ჩემპიონი გახდა. კიდევ ორი მედალი გუნდურ ასპარეზობაში მოვიპოვეთ და საქართველოს ნაკრები როგორც რაპირით, ასევე ხმლით ფარიკაობისას ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრებმა პოლონეთსა და იტალიაში სრულფასოვანი საწვრთნელ-მოსამზადებელი შეკრება გაიარეს, რაც უმაღლესი შედეგების ჩვენებაში დაეხმარათ.