მედალი ორივე დისციპლინაში - ზადიშვილის თურქული ტრიუმფი
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრების წარმატებებით სპორტის ქართველი გულშემატკივრები უკვე მრავალი წელია განებივრებულები არიან და რაც უფრო მეტი დრო გადის, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე მით უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობენ და თითოეული მოწინააღმდეგისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ.
ამჯერად წარმატებას ზადიშვილმა მიაღწია, რომელმაც თურქეთის ქალაქ მერსინში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე მედალი ორივე დისციპლინაში მოიპოვა. საუკეთესო შედეგი გვანცამ ხმლით ფარიკაობაში აჩვენა, სადაც ფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს შენაი გუნეის 15:5 აჯობა. საპრიზო ადგილის გარეშე ზადიშვილს არც რაპირით ფარიკაობის ტურნირი დაუტოვებია და გადამწყვეტ შეხვედრაში ჩინელ ჟენგ ჰუისთან 3:15 მარცხის შემდეგ ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელი ქართველმა პარამოფარიკავეებმა ტრიუმფალურად დაიწყეს და იტალიის ქალაქ პიზაში საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ხეცურიანი-თიბილაშვილი-ზადიშვილის ტრიო იცავდა, მსოფლიოს თასის გუნდური შეჯიბრება მოიგო.