ქალი მოფარიკავის პირველი მედალი - კუვაევას ისტორიული ვერცხლი
ქართველი მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. იტალიის ქალაქ კალიარიში გამართული შეჯიბრების მეოთხედფინალში მან ფრანგ რიტა რობინოს აჯობა, ნახევარფინალში კი იტალიელ მანუელა სპიცას მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ვერონიკა ვასილევასთან დამარცხდა.
კუვაევა პირველი ქართველი ქალი მოფარიკავეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. აქამდე ჩვენი ქვეყნის სახელით ამ შეჯიბრებაში მედალი ოთხ სპორტსმენს ჰქონდა მოპოვებული - ხმალში წარმატებას სანდრო ბაზაძემ (ოქრო), ბექა ბაზაძემ (ბრინჯაო) და ნიკა შენგელიამ (ვერცხლი) მიაღწიეს, ხოლო რაპირაში საპრიზო ადგილი ლუკა ღაღანიძემ (ბრინჯაო) დაიკავა.
ცნობისათვის, კალიარიში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ალექსანდრა კუვაევას გარდა, კიდევ ხუთი ქართველი მოფარიკავე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე თავართქილაძე, ბარბარე მებუკე, ტატიანა სვანიძე და ლიზა თაყაიშვილი ასპარეზობდა.