ორი ვერცხლი ორ კვირაში - ანანო ჯინჭარაძის წარმატება
თბილისში გამართულ იუნიორ ხმლით მოფარიკავე გოგონათა მსოფლიოს თასზე მიღწეული წარმატების ფონზე, სხვა ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე ქართველების ასპარეზობა თითქოს აღნიშვნის გარეშე დარჩა, მაგრამ ანანო ჯინჭარაძის წარმატებას გვერდს ნამდვილად ვერავინ აუვლიდა, რომელმაც საოცარი კონკურენციის პირობებში არაჩვეულებრივი შედეგი აჩვენა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩატარებულ Marathon Fleuret-ის სახელწოდების მქონე ორდღიან საერთაშორისო ტურნირზე ჯინჭარაძემ რაპირით ფარიკაობაში ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პრესტიჟულ შეჯიბრებაში, სადაც საერთო ჯამში 100 სპორტსმენი მონაწილეობდა, ქართველმა მოფარიკავემ სამი ჯგუფური ეტაპი დაძლია, საერთო ჯამში 24 ბრძოლა გამართა და მხოლოდ ერთხელ, ფინალში დამარცხდა, სადაც მასზე ძლიერი ეგვიპტელი მეტოქე აღმოჩნდა.
ცნობისათვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ანანო ჯინჭარაძისთვის ეს მეორე ვერცხლის მედალი გახლდათ - ანალოგიურ შედეგს 26 იანვარს მან ავსტრიის საერთაშორისო ტურნირზე მიაღწია.