ლოჩოშვილი: ჩემთვის აქ ყოფნა პატივია, გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ
„სალერნიტანაში“ ტრანსფერის შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდთან პირველი კომენტარი გააკეთა.
„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. დიდი მოტივაცია მაქვს. გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩავატარე და ემოციებით აღსავსე გახლავართ. ჩემი ახალი გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ვიმედოვნებ, სეზონს წარმატებით დავასრულებთ.
სერია B-ს კარგად ვიცნობ და გუნდისთვის მაქსიმალურად დავიხარჯები, ეს ყველამ უნდა გააკეთოს, რომ საერთო მიზნამდე მივიდეთ. ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა საამაყოა“.
ლუკამ მის კარიერაში გამორჩეული ეპიზოდებზე ისაუბრა - როდესაც ავსტრიაში თამაშის დროს მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა და ევრო 2024-ზე მიღებული დაუვიწყარი ემოციები.
„დიახ, როცა დავინახე, რომ ფეხბურთელი მოედანზე უგონოდ დაეცა, პირველი სურვილი რაც გამიჩნდა, მისი დახმარება იყო. შემდეგ დიდი პატივი იყო ფიფასგან სამართლიანი თამაშის ჯილდოს მიღება.
რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, იქ საქართველოს ნაკრების სახელით ასპარეზობა რაღაც წარმოუდგენელი იყო. ვერ გადმოვცემ ამ ემოციას“.
ლოჩოშვილი ახალ გუნდში იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო ზაფხულში „სალერნიტანა“ მის გამოსყიდვასაც შეძლებს.
აქვე გეტყვით, რომ 20 მატჩის შემდეგ „სალერნიტანა“ სერია B-ში 18 ქულით სატურნირო ცხრილის მე-18 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ლოჩოშვილის ახალი გუნდი 12 იანვარს, თბილისის დროით 15:30 საათზე „სასუოლოს“ წინააღმდეგ გამართავს.