რამ განაპირობა მიქაუტაძის წარმატებული სერია | LEquipe ორ მიზეზს ასახელებს
გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავად გამოიყურება და ყველა ტურნირის ეგიდით გამართულ ბოლო 6 შეხვედრაში, 5 გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელის ბრწყინვალე სათამაშო ფორმას ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი გამოეხმაურა და დაასახელა ორი მიზეზი, რამაც მიქაუტაძის გამოცოცხლება განაპირობა.
პირველი ფაქტორი მოთხოვნებს უკავშირდება, რომლებიც დიდ კლუბში წარმატების მისაღწევადაა აუცილებელი. „მოყვარული ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი ჩვევები ჰქონდა და დასჭირდა, გაეაზრებინა მოთხოვნები, რომლებიც დიდ კლუბსა და უმაღლეს დონეზე სათამაშოდაა აუცილებელი. მან გააკეთა, რაც საჭირო იყო და მისი პროგრესით ძალიან ბედნიერი ვართ“, - განუცხადა L’Equipe-ს „ლიონში“ მომუშავე წყარომ.
მეორე მიზეზი ურთიერთობას უკავშირდება, რომელიც ქართველ ფეხბურთელს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, საიდ ბენრაჰმასთან აქვს. „ბრომანსი ალჟირელ მოთამაშესთან მიქაუტაძის წარმატებული სვლის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია“, - აცხადებს ფრანგული გამოცემა.
ცნობისთვის, მიქაუტაძის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. „ლიონის“ ფორვარდმა 7 გოლიდან 4 საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა, 2 ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთი საფრანგეთის თასზე.