ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანელ ჟურნალისტს, კარლოს კონტრერას ლეგასპის ინტერვიუ მისცა. „ელ მატადორმა“ მომდევნო ბრძოლაზე ისაუბრა, რომელსაც საჩემპიონო ქამრისთვის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართავს და განაცხადა, რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ვოლკანოვსკისთან ბრძოლისთვის თავდაუზოგავად ვემზადებით და არაფერი შეცვლილა იმით, რომ ჩხუბი თებერვალში გაიმართება და არა იანვარში. გვეგონა, იანვარში ვიჩხუბებდით და მოსამზადებელი კემპი ნაადრევად ამიტომ დავიწყეთ, მაგრამ არა უშავს. თებერვალიც კარგი ვარიანტია, უფრო მეტი დრო გვექნება.

საჩემპიონო ბრძოლისთვის მოსამზადებლად მეხმარება ჩემი ძმა, რომელსაც ნებისმიერი მებრძოლის მიბაძვა და მის სტილში ჩხუბი შეუძლია. იგი რაიან ჰოლის, ბრაის მიტჩელისა და ჯოშ ემეტის სტილში ბრწყინვალედ მესპარინგა და მათზე უკეთესი წინააღმდეგობა გამიწია. ასევე, დაგვეხმარება გურამ ქუთათელაძე, რომელიც დგომში ძალიან მაგარია.

ვოლკანოვსკის ჩხუბისა და ვარჯიშის ამსახველ ვიდეოებს ყოველდღე ვუყურებ და არ ვიცი, სხვები რას ხედავენ, მაგრამ მას არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი, რასაც ალექსი გააკეთებს, ლეგ კიკების განხორციელებაა. დიახ, კარდიოთი გამოირჩევა, მაგრამ რომელ მებრძოლს არ აქვს კარდიო, როცა წნეხს ვერ გრძნობს?! როცა შენზე ზეწოლა ხორციელდება, ყველაფერი იცვლება.

როგორც გითხარით, იხილავთ ხელოვნებას თუ როგორ უნდა დაარტყა ისე, რომ თავად არ მოგხვდეს. ჩემი სახით, ოქტაგონზე MMA-ის ნამდვილ მებრძოლს ნახავთ. ოქტაგონზე უდიდეს მოთმინებას გამოვიჩენ და როგორც კი მომენტი მომეცემა, მას გამოვიყენებ. ყველაზე მნიშვნელოვანია, არ ვიჩქარო და საჭიროების გარეშე არ დავიღალო. დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი იქნება, რაც აქამდე მქონია.

როცა ვოლკანოვსკი ოქტაგონზე გამოვა, მიხვდება, რომ არ ვარ იმ მებრძოლების მსგავსი, რომლებსაც კარიერის განმავლობაში შეხვედრია. ჩემი ჩხუბი რაღაც სხვაა. ჩემი სტილი ძალიან ტექნიკურია და მეტოქის დაღლაზეა ორიენტირებული“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვოლკანოვსკის საქმე მარტივად არ ექნება თუ...“ | ყოფილი ჩემპიონი ილია VS ალექსზე
„ვოლკანოვსკის საქმე მარტივად არ ექნება თუ...“ | ყოფილი ჩემპიონი ილია VS ალექსზე