მეკარეები, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ ნათამაშები | რომელ ადგილზეა მამარდა
CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა და დაასახელა მეკარეები, რომლებსაც 2023 წელს, ყველაზე მეტი წუთი აქვთ ნათამაშები. „ვალენსიას“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი ტოპ 10-ში მოხვდა და მე-7 პოზიციას იკავებს.
უეფას ეგიდით, „მამარდაზე“ მეტი წუთი მხოლოდ ენტონი მორისს (უნიონ სენ-ჟილი, 5590 წუთი), მარტენ ვანდევოორდტს (გენკი, 5190 წუთი), მეტიუ რაიანს (ალკმაარი, 4950 წუთი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენს (ბარსელონა, 4909 წუთი), დენეს დიბუშს (ფერენცვაროში, 4860 წუთი) და დომინიკ ლივაკოვიჩს (ფენერბაჰჩე, 4853 წუთი) აქვთ ნათამაშები. გიორგიმ მონაწილეობა 53 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე 4817 წუთი გაატარა.
CIES-მა მოედნის ფეხბურთელებიც დაასახელა, რომლებსაც ყველაზე მეტი აქვთ ნათამაშები. პირველ ადგილს ბრუნო ფერნანდეში იკავებს (მანჩესტერ იუნაიტედი, 5748 წუთი), მეორეზე დავიდ ჰანკოა (ფეიენორდი, 5248 წუთი), მესამეზე ანტონიო რუდიგერს ვხედავთ (რეალი, 5223 წუთი), მეოთხეზე პატრიკ ბერგია (ბუდე-გლიმტი, 5141 წუთი), ხუთეულს კი დუშან ტადიჩი ასრულებს - 5050 წუთი.
ცნობისთვის, CIES საფეხბურთო ობსერვატორიამ გაითვალისწინა, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეებზე ჩატარებული მატჩები, რომლებიც ფეხბურთელებმა 4 დეკემბრამდე გამართეს.