თბილისის დინამო, ჯოვინო ფლამარიონი, ბათუმის დინამო, გიორგი ლორია, გიორგი ხარაიშვილი, ლაშა ოდიშარია, საბა ხვადაგიანი, გიორგი ბეგაშვილი
Aa
Aa

ჩემპიონის მძიმე მარცხი - თბ. დინამომ ბათუმის დინამო 6:2 გაანადგურა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში თბილისის „დინამომ'' „დინამო არენაზე'' გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე ბათუმის „დინამო'' 6:2 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ აჭარულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა უკვე გაინაღდა, თბილისური კლუბის ფეხბურთელები სტუმრებს საჩემპიონო დერეფნით დახვდნენ, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ანდრეს კარასკოს გაწვრთნილმა გუნდმა დიდი უპირატესობით მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონისა (ბათუმის „დინამო'') და ვიცე-ჩემპიონის (თბილისის „დინამო'') ბედი გადაწყვეტილია და შესაძლოა ჩემპიონებს დიდი მოტივაცია აღარ აქვთ, ანდრეი დემჩენკოს გუნდის მხრიდან ასეთი თამაში და დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი იყო.

მე-3 წუთზე ბიძინაშვილმა ტექნიკური პასით ფლამარიონი მეკარესთან პირისპირ დატოვა, ჯოვინომ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა. მე-8 წუთზე ლაშა ოდიშარიამ კუთხური შეასრულა, ხვადაგიანმა ყველას დაასწრო და ანგარიში თავური დარტყმით გაათანაბრა. მე-16 წუთზე ბათუმის „დინამოს'' მეკარე გიორგი ბეგაშვილი უხეშად შეცდა, ბურთს ფეხი ააცილა და თბილისის „დინამო'' დაწინაურდა - 2:1.

მე-19 წუთზე ლაშა ოდიშარიამ მეორე საგოლე პასი შეასრულა, მის აქტიურობას ზორან მარუშიჩის გოლი მოჰყვა - 3:1. ლაშა ოდიშარიამ საგოლე გადაცემა მასპინძელთა მეოთხე გოლის მომენტშიც ჩაიწერა აქტივში, ხარაიშვილმა საჯარიმოს გარედან დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა - 4:1.

34-ე წუთზე მარუშიჩის გადაცემის შემდეგ დავით სხირტლაძემ მეტოქის საჯარიმოში იაქტიურა, მარცხენა ფეხით ბრწყინვალე გოლი გაიტანა - 5:1. 36-ე წუთზე თბილისის „დინამოს'' გამოცდილმა მეკარემ გიორგი ლორიამ შეცდომა დაუშვა, იაკობსენის დარტყმისას ბურთი პირდაპირ მეკარისკენ წავიდა, თუმცა ლორია შეცდა - 5:2.

გოლები: 0:1 ფლამარიონი (3), 1:1 ხვადაგიანი (8), 2:1 ბეგაშვილი (ავტოგოლი, 16), 3:1 მარუშიჩი (19), 4:1 ხარაიშვილი (22), 5:1 სხირტლაძე (34), 5:2 იაკობსენი (36), 6:2 უსმანე კამარა (67)

ამავე ტურში „გაგრამ'' „სამტრედიას'' 4:3 მოუგო, „სამგურალმა'' ლომინაძის ერთადერთი გოლით „დილა'' დაამარცხა. „თელავმა'' „საბურთალოს'' 3:0 სძლია, ქუთაისის „ტორპედომ'' შინ „შუქურა'' 9:0 გაანადგურა. რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი გუნდი ამ ანგარიშით ზედიზედ მეორედ დამარცხდა.

შეგახსენებთ, შემდეგ სეზონში ბათუმის „დინამო'' ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ხოლო ვიცე-ჩემპიონი თბილისის „დინამო'' - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები