სტოიჩკოვი: „მიეცით ოქროს ბურთი იამალს“
რაც უფრო ახლოვდება 22 სექტემბერი, როდესაც პარიზში მდებარე „შატლეს“ თეატრში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოს 2025 წლის მფლობელს გამოავლენენ, მით უფრო მატულობს დუღილის ტემპერატურა და სხვადასხვა სპეციალისტები საკუთარ მოსაზრებას თამამად გამოთქვამენ. ერთ-ერთი სპორტული მედიის წარმომადგენლისთვის მიცემულ ინტერვიუში ლეგენდარულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა „ფრანს ფუტბოლის“ პრესტიჟული პრიზის წლევანდელ ფავორიტებზე ისაუბრა.
რას ამბობს სტოიჩკოვი
ამ ჯილდოს ლამინ იამალს გადავცემდი. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, რომელსაც გრძელი გზის გავლა მოუწევს. მე პირადად ყველაზე დიდ სიამოვნებას სწორედ „ბარსელონას“ მე-19 ნომრის ასპარეზობის ყურება მანიჭებს. მართალია ლამინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არ თამაშობს, მაგრამ არა მგონია „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ამ ტურნირს ვინმე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს.
რაც შეეხება სხვა ფავორიტებს, ნამდვილად არ გავბრაზდები თუ პირველ ადგილზე მარკინიოსი გავა. ასევე არ შეიძლება ვიტინიას დავიწყება, რომელსაც ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და პსჟ-ის შემადგენლობაში ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.
შეგახსენებთ, რომ თავად ხრისტო სტოიჩკოვსაც აქვს „ოქროს ბურთი“ მოგებული და მან ამის გაკეთება 1994 წელს მოახერხა.