მისი სახით ნამდვილი ლიდერი ყალიბდება | კიოლნის მწვრთნელმა ლოჩოშვილზე ისაუბრა
გერმანიის ბუნდესლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში კიოლნმა ჰოფენჰაიმი მიიღო - 3:2. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ორჯერ აგებდნენ, ჯერ 0:1-ს და შემდეგ 1:2-ს, დალინგას დუბლით თამაში შემოატრიალეს და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს. კიოლნის სასტარტოში ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა. 65-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ქართველი ცენტრალური მცველი გოლის გატანასთან ახლოს იყო, კუთხურისას საჰაერო ბრძოლა მოიგო და კარს მცირე მანძილით ააცილა (იხილეთ).
მატჩის შემდეგ კიოლნის მთავარმა მწვრთნელმა რენე ვაგნერმა პრესკონფერენცია გამართა, ერთ-ერთი კითხვა ლოჩოშვილს ეხებოდა.
Kicker-ის ჟურნალისტი ჯიმ დეკერი: „რენე, ლუკა ლოჩოშვილთან დაკავშირებით ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მოედანზე ნამდვილი ლიდერი ყალიბდება. შენც იგივე შთაბეჭდილება გაქვს?''
რენე ვაგნერი: „დიახ, მე მგონი, ასეთი შეგრძნება უკვე ექვსი კვირაა გვაქვს. საბოლოოდ, ლოჩო პირველივე დღიდან არის ფეხბურთელი, რომელიც გასახდელში ხმას იღებს და საკუთარ აზრს გამოხატავს, ვარჯიშებზეც ბევრს საუბრობს.
დღესაც ვნახეთ, რომ როცა ის თამაშში ბოლომდე ერთვება და სრულად კონცენტრირებულია, შეუძლია ნებისმიერ ორთაბრძოლაში შევიდეს. მისი ჩართვები და ვარდნები დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რას მივიღებდით მისგან და მიხარია, რომ დღეს ეს ყველამ დაინახა - ის, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ვარჯიშებზე და რასაც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვაკვირდებით. ამიტომ, დღეს ყველა იმ ფეხბურთელის გამო მიხარია, ვინც კარგი თამაში აჩვენა და ლოჩოც მათ შორისაა''.
რენე ვაგნერმა ლოჩოშვილზე ივლისშიც ისაუბრა: „ჩვენ გვინდოდა აგრესიული, მაღალი, სწრაფი, ორთაბრძოლებში ძლიერი ცენტრალური მცველი, რომელსაც სტანდარტული მდგომარეობების დროს გოლის გატანაც შეუძლია. ეს მან გასულ წელს ნიურნბერგში დაამტკიცა და ახლა მისთვის მთავარია, იგივე ბუნდესლიგაშიც აჩვენოს.
მოლაპარაკებებისას მან შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ის გუნდში ახალ მენტალიტეტს შემოიტანს. ის არის ადამიანი, რომელსაც მოედანზე სიმკაცრისა და ლიდერობის გამოჩენა შეუძლია. სწორედ ეს გვაკლდა ბოლო პერიოდის გარკვეულ ეპიზოდებში''.