ლოჩოშვილის წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში | გოლის გატანასთან ახლოს იყო
გერმანიის ბუნდესლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში კიოლნმა ჰოფენჰაიმი მიიღო - 3:2. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ორჯერ აგებდნენ, ჯერ 0:1-ს და შემდეგ 1:2-ს, დალინგას დუბლით თამაში შემოატრიალეს და ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს.
კიოლნის სასტარტოში ლუკა ლოჩოშვილმა 90 წუთი ითამაშა. 65-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ქართველი ცენტრალური მცველი გოლის გატანასთან ახლოს იყო, კუთხურისას საჰაერო ბრძოლა მოიგო და კარს მცირე მანძილით ააცილა.
27-ე წუთზე ჰოფენჰაიმი დაწინაურდა, ადამ დაგიმმა ანგარიში გახსნა, ამ გოლისას ლოჩოშვილი უშეცდომო იყო. 51-ე წუთზე საიდ ელ მალამ წონასწორობა აღადგინა - 1:1. 57-ე წუთზე ჰოფენჰაიმის ფეხბურთელმა მაქს მიორშტედტმა პენალტი ვერ გამოიყენა. 67-ე წუთზე ოზან ქაბაქმა ჰოფენჰაიმი წინ გაიყვანა. ლოჩოშვილი არც ამ გოლისას შეცდა - 1:2. 72-ე წუთზე ტიის დალინგამ ანგარიში გაათანაბრა - 2:2. 82-ე წუთზე დალინგამ დუბლი შეასრულა და კიოლნმა 3 ქულა მოიპოვა - 3:2.

ლოჩოშვილმა, რომელიც გასულ ზაფხულში კიოლნმა ნიურნბერგიდან ხუთ მილიონ ევროდ შეიძინა, ბუნდესლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 28 წლის ცენტრალურ მცველს ტოპ ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, 2022-23 წლების სეზონში კრემონეზეში სერია A-ს 25 მატჩში (1 848 წუთი) 1 გოლი გაიტანა (სამპდორიასთან) და 2 საგოლე პასი შეასრულა (სპეციასთან და ბოლონიასთან).

ლოჩოშვილი მე-12 ქართველი ფეხბურთელია, ვინც გერმანიის ბუნდესლიგაში ითამაშა. გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს უთამაშიათ: კახა ცხადაძე, რეზი არველაძე, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, არჩილ არველაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან ყენია, დავით თარგამაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ბუნდესლიგის მეორე ტურში. 4 სექტემბერს კიოლნი შტუტგრატს ესტუმრება.