შთამბეჭდავი გაგუა და ნონიკაშვილის პრესტიჟის გოლი - ქართველებმა სლოვაკეთში გაიბრწყინეს
სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ოქროს მედლების მოპოვების ერთ-ერთმა ფავორიტმა „დუნაისკა შტრედამ“ სტუმრად „სკალიცა“ 6:1 დაამარცხა და გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო ჩინებულ ფორმაში მყოფი 24 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუა გახლდათ, ხოლო მასპინძლების რიგებში პრესტიჟის ბურთი ლევან ნონიკაშვილის ანგარიშზეა.
პირველი ტაიმი „დუნაისკა შტრედამ“ სამბურთიანი სხვაობით მოიგო და მესამე ბურთი მასპინძლების კარში გიორგი გაგუას ანგარიშზეა. ახალგაზრდა ქართველმა თავდამსხმელმა მარცხენა ფლანგზე არაჩვეულებრივად იმოქმედა, მეურვეებს იოლად გაუმკლავდა და ტექნიკური დარტყმით კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა.
მეორე ნახევარის დასაწყისში „სკალიცა“ აშკარად გააქტიურებული გახლდათ და სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ყოველივე ეს სათანადო შედეგში ამ გუნდის ქართველმა ნახევარმცველმა ლევან ნონიკაშვილმა ასახა. ერთ-ერთი კუთხურის შემდეგ გამოვარდნილ ბურთს სწორედ ლევანი დაუეფლა და გამოზომილი დარტყმით აიღო სტუმართა კარი.
მასპინძლების კარში მეექვსე გოლი უროშ კაბიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, რაზეც ყურადღებას ნამდვილად არ გავამახვილებდით, რომ არა ამ ეპიზოდში გიორგი გაგუას დიდებული მოქმედება - მან საკუთარ ნახევარზე ბურთი არაჩვეულებრივად დაამუშავა, ორ მცველსაც იოლად გაუმკლავდა და ბრწყინვალე გრძელი პასით შეტევაში ორი თანაგუნდელი გაუშვა, რომელთაც ყველაფრის ლოგიკურად დაგვირგვინება აღარ გასჭირვებიათ.
ცნობისათვის, გიორგი გაგუამ შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედანი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში არ დატოვა - მან „ტვენტესთან“ (3:3) და „პოდბრეზოვასთან“ (5:0) თავი ასისტით, ხოლო „კომარნოსთან“ (3:0) გოლითა და შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. გაგუას მსგავსად ბრწყინვალე ფორმაშია ლევან ნონიკაშვილიც, რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში მესამედ გაიტანა. „დუნაისკა შტრედამდე“ „სკალიცას“ ქართველმა ლეგიონერმა „ჟილინა“ და „კოშიცე“ დაამწუხრა.