„შენს მეგობარ იანს გავანადგურებ“ - დვალიშვილის დიალოგი ცარუკიანთან
უახლოეს პერიოდში როგორც მერაბ დვალიშვილს, ასევე არმან ცარუკიანს UFC-ში უმნიშვნელოვანესი ბრძოლების ჩატარება უწევთ. მართალია, არმანი მერაბისგან განსხვავებით სატიტულო ჩხუბს არ მართავს, მაგრამ მაურისიო რუფის დამარცხების შემთხვევაში მისი მომდევნო დაპირისპირება რომ ქამრისთვის შედგება, ეს პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია. ქართველი და სომეხი მებრძოლების მცირე დიალოგი ერთ-ერთი ბლოგერის ლაივის დროს კომენტარებში შედგა, სადაც მერაბი პიოტრ იანთან გასამართ სატიტულო დაპირისპირებას შეეხო.
არმან ცარუკიანი: „როგორ ხარ მერაბ, ხომ ყველაფერი კარგად მიდის?“
მერაბ დვალიშვილი: „კი, ყველაფერი არაჩვეულებრივადაა. ვემზადები შენს მეგობართან, პიოტრ იანთან ბრძოლისთვის - მე მას გავანადგურებ.
არმან ცარუკიანი: „პრობლემა არ არის, უძლიერესმა გაიმარჯვოს და ვინც მოიგებს, თქვენს შორის უკეთესიც ის იქნება. მშვენიერი განწყობა გაქვს, თქვენს ჩხუბს მოუთმენლად ველოდები. თავს გაუფრთხილდი და ჯანმრთელობას მიხედე“.
შეგახსენებთ, რომ ეს მერაბ დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის რიგით მესამე შეხვედრაა. 2023 წელს, მათ პირველ ჩხუბში ქართველმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა, ხოლო 2025 წლის დეკემბერში ასევე არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უკვე იანმა მოიგო. მერაბი-პიოტრის ტრილოგია 24 ოქტომბერს, აბუ-დაბიში შედგება. რაც შეეხება არმან ცარუკიანს, ის სექტემბრის ბოლოს მსუბუქ წონაში მაურისიო რუფის უნდა დაუპირისპირდეს.