„ეს უპირატესობა საქართველოსთანაც უნდა გამოვიყენოთ“ - პორტუგალიის მწვრთნელი
ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში სტუმრად პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ქართველებთან შეხვედრამდე, პორტუგალიელებმა ესპანეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს, რითაც ისედაც დაძაბული შესარჩევი ეტაპი კიდევ უფრო მეტად დაძაბეს. ესპანეთთან მატჩის დასრულების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიო გომეშმა საქართველოს ნაკრებთან მატჩზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ესპანელებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა მისმა გუნდმა ქართველებთანაც უნდა გამოიყენონ.
რას ამბობს გომეში:
„ის უპირატესობა, რომელიც მოვიპოვეთ იმით, რომ ვართ პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი, რომელმაც ესპანეთს მათსავე მოედანზე მოუგო, ორშაბათს [საქართველოს ნაკრებთან საშინაო მატჩში] არ უნდა დავკარგოთ. როგორც წინა ეტაპის ბოლოს ვთქვი, მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულნი და თითოეული მოპოვებული გამარჯვება არის ნაბიჯი ჩვენი სასურველი მიზნისკენ. დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯი გადავდგით. ვიმედოვნებთ, რომ ორშაბათს მეორეს გადადგმასაც შევძლებთ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ნაბიჯი უკვე გადადგმულია.“
შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის 6-გუნდიან ცხრილში პორტუგალიის ნაკრები 11 ქულით მე-4 პოზიციაზეა, საქართველოს ნაკრებს კი ამდენივე ქულა აქვს და ბურთების უარესი შეფარდების გამო მე-5 ადგილზე იმყოფება. მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფის საუკეთესო სამი გუნდი გავა. 1-3 ადგილებს ესპანეთი, უკრაინა და მონტენეგრო ინაწილებენ. ბოლო, მე-6 პოზიციაზე კი საბერძნეთი იმყოფება.
პორტუგალიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 31 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.